სოფელ სუფსას მოსახლეობას, რომელიც ავტობანზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს, პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს წევრებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელ ბაქარ ბაბუხარდიასთან ერთად, სოფელ სუფსას მოსახლეობას შეხვდა, რომელიც ავტობანზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს.
ადგილობრივები მშენებარე ავტობანის მე-4 ლოტის მონაკვეთზე, ჩინური კომპანიის ,,ჩინეთის რკინიგზის ბრიგადის“ სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, სამუშაოების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია და საძოვარი. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ექმნებათ.
როგორც ბაბუხარდიამ განაცხადა, აღნიშნული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ზედმიწევნით შესრულდება, რაც ითვალისწინებს არამხოლოდ გზისგამტარებისა და ესტაკადების მშენებლობას, არამედ პირუტყვის გადასარეკი ადგილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას.
„საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, საჭიროა მოსახლეობასთან შეთანხმება, რომ დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესები. ვეცდებით, აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, აღნიშნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.