სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, დაბინდებამდე ადგილზე სამივე ვერტმფრენი იმუშავებს, შემდეგ კი, კონკრეტულ კერებს მეხანძრეები და მეტყევეები დაამუშავებენ.
მისივე თქმით, დილით არსებული მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა ხვალაც.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ ეტაპისთვის ხანძრის გავრცელების არეალი არის შეზღუდული, ვითარება ექვემდებარება კონტროლს. ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, სათანადო რაოდენობის ცოცხალი ძალა. რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ძლიერი ქარის მიუხედავად, ამ ეტაპზე ხერხდება ლოკალიზების შენარჩუნება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვერტმფრენები ხილვადობის შეზღუდვის გამო ვეღარ შეძლებენ მუშაობას, ჩვენი მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს ლოკალიზებულ პერიმეტრზე. ზარალზე და დაზუსტებულ ფართობზე საუბარი მოხერხდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ. ამ ეტაპზე საუბარია 10 ჰექტარ ფართობზე, როგორც ტყეზე, ასევე მინდორზე“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.