სოფელ საკირესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა თბილისიდანაც ჩაერთვება
სოფელ საკირესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა თბილისიდანაც ჩაერთვება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა თბილისიდანაც ჩაერთვება, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ცოცხალი ძალის მობილიზება ასევე ხდება რეგიონის მასშტაბით.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა, სადაც მძიმე ტექნიკა ვერ მუშაობს, ამიტომ ხანძრის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებისა და ცეცხლის დროულად ლიკვიდაციისთვის ცოცხალი ძალის მობილიზებაა საჭირო.

სოფელ საკირეში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ლიპარტიას განცხადებით,  ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. მისივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საკირესთან, ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის.