ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთვნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საკირეს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად, თბილისიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის 25 თანამშრომელი ჩავიდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 5-6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ხანძრის კერა რთულ რელიეფზეა, თუმცა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს უკიდია.