ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის კერა რთულ რელიეფზე იყო და მისი ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობდა. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს მოედო. სოფელ საკირეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც იყვნენ ჩართულნი.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.