სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე - თუშეთობა - 2018“ აღინიშნება
სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე - თუშეთობა - 2018“ აღინიშნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ომალოში დღეს „მეცხვარის დღე – თუშეთობა – 2018“ აღინიშნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე მიწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ძველებური – თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მიწვეული მომღერლები.

„მეცხვარის დღე – თუშეთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.