ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკუპრიას დასახლებაში, ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტელევიზორის აფეთქებამ გამოიწვია.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიწვა ორივე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარება“, – განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით.