სოფელ განთიადში ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ განთიადში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისათვის ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ პირველ არხს განუცხადა, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

„ექვსი სახანძრო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული სოფლების – განთიადისა და კაპრეშუმის საზღვარზე. ცეცხლი ეკალბარდზე იყო მოდებული. ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლოკალიზებული“, – განაცხადა პირველ არხთან მამუკა თურმანიძემ.

ხანძარი დღეს ხელვაჩაურის კიდევ ორ სოფელში ერგესა და ახალშენშიც გაჩნდა. ანალოგიურად, ცეცხლი იქაც ეკალბარდს მოედო. ორი სოფელში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილობრივების ვარაუდით, ცეცხლი დაუდევრობის გამო შეიძლებოდა გაჩენილიყო. ისინი სხვა ვერსიებზე არ საუბრობენ, თუმცა მსგავს ტერიტორიებზე ხანძარი წელიწადის ამ დროს ყოველწლიურად ჩნდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოსახლეობა ტერიტორიების ამ გზით გაწმენდას და სავარგულებად გამოყენებას ცდილობს. ხანძრის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.