პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხვალ ხეობის მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აქცია ახალგაზრდების ინიციატივით იმართება. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია თბილისშიც გაიმართება.
მისი თქმით, ადგილობრივებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები, ასევე ხეობას სხვა საკითხებიც აწუხებს.
„ობიექტურ გამოძიებას აღარ ვითხოვთ, მანდ გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ იმ ადამიანების დასჯას ვითხოვთ, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა და მასში მონაწილეობდა, ასევე, ჩვენი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსს და თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას ვითხოვთ. თემირლანთან დაკავშირებით აქვს ადამიანებს პრეტენზიები, ხეობას აწუხებს სხვა საკითხებიც და არ ვიცი, თემირლანის საკითხის გარდა, კიდევ რა მოთხოვნები იქნება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, აქციები არ შეწყდება, სანამ თემირლან მაჩალიკაშვილს უდანაშაულოდ არ ცნობენ.
„ვიდრე თემირლანის უდანაშაულობას არ აღიარებენ, ეს აქციები არ შეწყდება. აქცია ჩემი მოთხოვნა არ იყო, ახალგაზრდების ინიციატივით იმართება. როგორც ვიცი, დროს დაუთქვამენ ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად და თუ იმ დროში არ შესრულდება, შემდეგ აქცია თბილისში გადაინაცვლებს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.