სოფელ ჭუბერში გზების დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი დროებითი ხიდის მონტაჟს იწყებს
სოფელ ჭუბერში გზების დეპარტამენტის სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა გაბუნიას თქმით, დაგეგმილია დროებითი ხიდის დამონტაჟება.
სპეციალისტებმა ადგილის დათვალიერება უკვე დაიწყეს. საპროექტო სამუშაოები დაწყებულია.
სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.
სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება.
ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.