სოფელ აძვში, რომლის ორი მკვიდრი ოკუპანტებმა გაიტაცეს, გამნაღმველები მუშაობენ
სოფელ აძვში, რომლის ორი მკვიდრი ოკუპანტებმა გაიტაცეს, გამნაღმველები მუშაობენ

სოფელ აძვის მცხოვრებლები დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს, სალოცავზე მანქანით იმყოფებოდნენ.

გატაცებულების ავტომობილთან ამ დროისთვის სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ​ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება, კონკრეტულად საიდან მოხდა სამხედროების მიერ ორი ადამიანის წაყვანა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამნაღმველები ახლა იმ მანქანას ამოწმებენ, რომელითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ. უფრო მეტი ინფორმაცია შემოწმების შემდეგ გვექნება”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი დღეს გაიტაცეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ აძვიდან ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.