სოციალური მუშაკის ინსტიტუტის მხარდამჭერი პროექტის შედეგებს დღეს წარადგენენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის მხარდასაჭერად მიმდინარე რეგიონული პროექტის შედეგებს ევროკავშირის წარმომადგენლები დღეს შეაჯამებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკი“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად რეგიონული პროექტის შედეგების და მიღწევების პრეზენტაციას რეგიონულ კონფერენციაზე გამართავს.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროექტების მიზანი სოციალური მუშაკების პროფესიონალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
„რეგიონული პროექტის შედეგების მიხედვით საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში სოციალურ მუშაკთა ასოციაციების შესაძლებლობები გაიზარდა. იმისთვის, რომ საკუთარი 10.500 წევრი და ასევე, 160 ადგილობრივი ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში 15 მცირე გრანტი 24 ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე გაიცა, რომელთა მიზანიც რისკის წინაშე მყოფი მოწყვლადი ოჯახებისა და ბავშვებისთვის კოორდინირებული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა იყო.
პროექტის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური რეფორმების ეფექტურობის წინაპირობაა. სოციალური თანამშრომლობის სათემო ქსელები, რომლებშიც ყველა შესაბამისი აქტორი სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მხარდაჭერის საწინდარია“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტს „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. პროექტს ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკი“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივ კავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. პროექტი 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო და 2018 წლის მაისამდე გრძელდება.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარებას მხარს უჭერს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ დევიზია „თანადგომა კარგია, პროფესიონალური სოციალური მუშაობა კი – უკეთესი“.
რეგიონულ კონფერენციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნიან.