ნინო ოდიშარია - მხარდაჭერის სისტემების უზრუნველყოფა სოციალურ მუშაკებს დაეხმარება, მთავარი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, ვიდრე ახლაა შესაძლებელი
ნინო ოდიშარია - მხარდაჭერის სისტემების უზრუნველყოფა სოციალურ მუშაკებს დაეხმარება, მთავარი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, ვიდრე ახლაა შესაძლებელი

სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობა შარშან დავიწყეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ოდიშარიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შევაფასეთ საჭიროებები, თუ რა საჭიროებები ჰქონდათ სოციალურ მუშაკებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ეს გამოწვევები წლების განმავლობაში იცვლება. გავიდა რამდენიმე წელი, სისტემა არ შეცვლილა და ჩვენ დავინახეთ საჭიროებები, როგორ შევუწყოთ მათ ხელი, როგორც ტექნიკურად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, იგივე მანქანებით დახმარება და ა.შ, თუ მეთოდოლოგიით უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გვინდა, ისეთი სისტემები ჩამოვაყალიბოთ, სადაც სოციალურ მუშაკებს გადაწყვეტილებების მიღების დროს მეტი მხარდაჭერა ექნებათ, როგორც მეთოდოლოგიური სუპერვიზიის მხრივ, ასევე სისტემური და ტექნიკური“, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

მისი თქმით, სისტემაში წელს უკვე განსაზღვრულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გადაიხედოს სოციალური სამუშაო, რათა სოციალურ მუშაკებს ჩამოშორდეთ ის ფუნქციები, რისი შესრულებაც სხვა ადამიანებს შეუძლიათ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, დღეს ამოქმედდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც ერთ სოციალურ მუშაკს 50 ბენეფიციარზე მეტი არ უნდა ჰყავდეს, ნინო ოდიშარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ამდენი კვალიფიციური სოციალური მუშაკი ქვეყანას არ ჰყავს.

„კადრები ბევრი არ გვყავს და სისტემაში დასაქმებული კადრებიც გადასამზადებელი გვყავს. სამოქმედო გეგმა ამასაც ითვალისწინებს, რომ წელს გადამზადდებიან ის სოციალური მუშაკებიც, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ“, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად მიმდინარე წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზიციაზე 50 ვაკანსიის გამოცხადება, ნინო ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მთავარი არა მხოლოდ საქმეების რაოდენობაა, არამედ სოციალური მუშაკებისთვის იმ საქმეების ჩამოშორება, რაც მაინცდამაინც სოციალური მუშაკის ჩართვას არ მოითხოვს.

„ასევე, მხარდაჭერის სისტემების უზრუნველყოფა მათ დაეხმარება იმაში, რომ მთავარი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი“, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.