სოფო ხორგუანი - სოციალური მუშაკებისთვის შესაქმნელია სტანდარტები, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს
გვაქვს რეალობა, სადაც მიიჩნევა, რომ ოჯახის საქმე ოჯახში უნდა გადაწყდეს და ამ დროს, ჩაკეტილ ციხესიმაგრეში, ოჯახში, შედის უცხო ადამიანი, რომელიც უნდა იყოს არბიტრიც, დიპლომატიც, ოჯახის მეგობარიც, ფსიქოლოგიც, ტაიკვანდოს სპეციალისტიც და ჰიპნოზის სპეციალისტიც, – ამის შესახებ კრიზის-მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ანუ, ერთ უცხო ადამიანს, რომელიც ამ სივრცეში უნდა შემოვუშვათ, წარმოუდგენელ რამეს ვკიდებთ. ეს ძალიან რთულია, დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვა. წარმოიდგინეთ, რა უნარები სჭირდება ამ ადამიანს, სოციალურ მუშაკს. ეს ერთი თემაა, ჩემ ოჯახში რომ არ ვუშვებ, მაგრამ მეორეა ის, სხვის ოჯახში რომ რაღაც ხდება და ამაზე ვიღაცას რომ უნდა შევატყობინო. ჩვენ ეს გამოცდილებაც არ გვაქვს და ჩვენთვის ესეც რაღაც ახალია“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
მისი თქმით, როცა კომპლექსურ თემაზეა საუბარი, მისი კონკრეტულ სამინისტროზე აკიდება არ გამოვა და არც უნდა ავკიდოთ.
„ვხედავთ, რომ არაჯეროვანი მმართველობა სახეზეა. ეს მოცემულობაა. ვხედავთ, რომ ამის პრობლემა არის და ამის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოება და მედია ამაში უფრო აქტიურად არ ჩავერევით, არაფერი გამოვა. ჩვენ მხოლოდ სოციალურ მუშაკებს არ უნდა ავკიდოთ ეს თემა და ჩვენი როლიც უნდა შევასრულოთ. საზოგადოების ჩართვისთვის კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა მე ტელეფონს ავიღებ და სადღაც დავრეკავ, უნდა ვიცოდე, რომ კარგი ადამიანი მოვა და საქმეს კი არ გავაფუჭებ, ვუშველი იმას, ვისაც დახმარება სჭირდება. მე ამ ადამიანს, რომელიც დასახმარებლად მოდის, უნდა ვენდობოდე“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ამ განცხადებით სოფო ხორგუანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვს გააზრებული საზოგადოებას სოციალური სამსახურის მნიშვნელობა, რა შეიძლება შეცვალოს საზოგადოების აქტიურობამ და როგორ.
როგორც ხორგუანმა აღნიშნა, სოციალური მუშაკებისთვის შესაქმნელია სტანდარტები, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
„დღეს ვართ ასე – გამიმართლებს, არ გამიმართლებს. ანუ, გაუმართლებს თუ არა სოციალურ მუშაკს, იქ რაღაც საშინელება მოხდება, თუ გადარჩება. რაღაც შაბლონი ხომ უნდა არსებობდეს, სოციალური მუშაკი კრიზისულ ვითარებაში როგორ მოიქცეს? ასე არ უნდა იყოს, რომ ვრეკავ 112-ში, ან ვრეკავ, საიდან მოდის მანქანა, ვიძახებ მანქანას, რომელიც წამიყვანს და ა.შ. სოციალური მუშაკი მეზობლებში არ უნდა ეძებდეს ტრანსპორტს, რომ ბენეფიციართან წაიყვანოს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
კრიზის-მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ მუშაკებს კრიზისულ ვითარებაში უწევთ მუშაობა, რასაც განსაკუთრებული მორალური მხნეობა სჭირდება და სახელმწიფოსგან მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა და დაცვა.