ია შეყრილაძე - გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოციალურ მუშაკს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს
ია შეყრილაძე - გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოციალურ მუშაკს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს

სოციალურ მუშაკს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს, – ამის შესახებ „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ია შეყრილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სახელმწიფო რიგით სოციალურ მუშაკს უაღრესად დიდ პასუხისმგებლობასა და უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, მაგალითად, ბავშვი ოჯახში დატოვოს, თუ გამოიყვანოს და თუ ამ ადამიანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბეწვის ხიდზე გავლისას მარტო დავტოვებთ, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ამ ბეწვის ხიდიდან გადავარდება და ბევრ ბენეფიციარს გადაიყოლებს“, – განაცხადა ია შეყრილაძემ.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური ნება არის და სოციალური მუშაობის სფერო პრიორიტეტულად არის დასახული, რიგი საჭიროებებისა მოგვარდება.

„ცხადია, გარკვეულ საჭიროებებს უფრო მეტი რესურსი სჭირდება, მაგრამ როდესაც არის ნება და პრიორიტეტი, ეს რესურსიც ხომ მოპოვებადია? მიმაჩნია, რომ ანაზღაურება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა, სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის, ქმედითი სისტემის დანერგვა“, – განაცხადა ია შეყრილაძემ.

როგორც შეყრილაძემ განაცხადა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სუპერვიზიის მექანიზმიც დაინერგა, რომ რიგითი სოციალური მუშაკები რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს მარტო არ იყვნენ, მაგრამ ეს მექანიზმი არ მუშაობს ისე, როგორც უნდა ემუშავა.

„არ იმუშავა იმიტომ, რომ სოციალურ მუშაკს უამრავი ბიუროკრატიული ამოცანა აქვს და დრო არ აქვს; სააგენტოში არ არსებობს ელექტრონული ბაზა და ჩვეულებრივი მონაცემების მოგროვებაზე ძალიან დიდი დრო მიდის. საჭიროა სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის მუდმივი, სისტემატური ამაღლება. ისინი ძალიან კომპეტენტურებიც რომ იყვნენ, ეს იმდენად რთული სფეროა და რიგით სპეციალისტს იმდენი ტიპის გამოწვევასთან უწევს შეხება, რომ შეუძლებელია, ეს შეძლოს, რადგან შეუძლებელია, ყველაფერში ექსპერტი იყო. სააგენტოს კი, არანაირი რესურსი არ აქვს, რომ სოციალური მუშაკებისთვის ტრენინი, ან გადამზადების კურსი უზრუნველყოს“, – განაცხადა ია შეყრილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის და რომელი ქვეყნის მაგალითის გადმოღება შეიძლება საქართველოში, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული ესა თუ ის პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ია შეყრილაძემ აღნიშნა, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფერო ყველგან ურთულესია, თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც და შეუძლებელია ვთქვათ, რომ საქართველოში ამა თუ იმ ქვეყნის გამოცდილება შეიძლება გადმოვიტანოთ.

„საერთაშორისო დონეზეც კი აღიარებულია, რომ ეს არის სფერო, სადაც კადრების დენადობა ყველაზე მაღალია. რატომ? ემოციური გადაწვის გამო და თუ სისტემა საკუთარი სოციალური მუშაკების მუდმივ წახალისებაზე ჯეროვნად არ ზრუნავს, პრობლემები ვერ გადაიჭრება“, – განაცხადა ია შეყრილაძემ.

მისი თქმით, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში დაშვებული შეცდომები საზოგადოებას ძალიან ძვირად უჯდება და ზიანი, რომელსაც ბავშვს ვაყენებთ, როცა მის საჭიროებებს ჯეროვნად ვერ ვპასუხობთ, არა მხოლოდ ამ ბავშვის მომავალზე აისახება, არამედ მისი შვილების მომავალზეც.