ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად მასშტაბური რეფორმის დაწყებას აანონსებს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყება, სოციალური მუშაკის ფინანსური, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები გაძლიერდება. სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება და მოხდება მათი გადამზადება. კანონპროექტით სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ჩარჩო შემუშავდება და მისი უფლება-მოვალეობები დეტალურად გაიწერება.
სოფო კილაძის განმარტებით, მასშტაბური რეფორმა, რომელიც პრევენციაზეა ორიენტირებული და მიზნად საზოგადოებისა და ოჯახის გაძლიერებას ისახავს, ხუთ წელიწადში დასრულდება.
“ჩვენ დიდ რეფორმას ვაანონსებთ, რომელიც სოციალურ მუშაკს და მისი ფუნქციის როლის გაძლიერებას უკავშირდება. იმდენად, რამდენადაც სოციალური მუშაკი თითოეულ იმ ინდივიდთან და ოჯახთან მიდის, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი ძლიერი იყოს და ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები გვქონდეს. დღეს კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები წარმოვადგინეთ. პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, სოციალური მუშაკის ჩართვა აუცილებელია. ეს კანონპროექტი, როგორც ინდივიდების დაცულობასა და გაძლიერებას, ისე სოციალური მუშაკის უფლებების დაცვასა და სოციალურ გარანტიებს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა სწორად განვახორციელოთ. რეფორმა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი, დაახლობით ხუთ წელს ვვარაუდობთ. სოციალური მუშაკების გადამზადება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ამიტომ ამ მიმართულებების გაძლიერება და დეტალურად დახვეწა მოხდება. ხუთი წლის თავზე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ძალიან კარგ და სერიოზულ შედეგს მივიღებთ”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.
ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დღეს მართავს. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.