სოციალური მომსახურების სააგენტო - 10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან, ასევე ორივე ქვეყნის საელჩოსთან, უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან, – ეს განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ბავშვები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში და მათ ყველანაირი პირობა შექმნილი ჰქონდათ. ასევე, ქართულმა მხარემ მიიღო გარანტიები, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.
„ბავშვები მთელი ეს პერიოდი იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. კერძოდ, ისინი განთავსებული იყვნენ მიმღებ ოჯახებში, სადაც შექმნილი ჰქონდათ ყველანაირი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდობით აღზრდის პერიოდში, ბავშვები მოინახულეს სახალხო დამცველმა, ბებიამ, ასევე, ამერიკის საკონსულოსა (რადგანაც ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა) და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შსს-სთან და პროკურატურასთან, ასევე ორივე ქვეყნის საელჩოსთან და უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ შესაბამისი გარანტიების შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოში მყოფი ათივე ბავშვის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.