პროკურატურა - შესაბამისი გარანტიების შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოში მყოფი ათივე ბავშვის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურა - შესაბამისი გარანტიების შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოში მყოფი ათივე ბავშვის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ, ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.