შსს-ში განმარტავენ, რატომ ეთქვა უარი იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე
შსს-ში განმარტავენ, რატომ ეთქვა უარი იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

კერძოდ, როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა. ამასთან, პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

შსს-ს ცნობით, სუსლიაკი აზერბაიჯანში გააბრუნეს.

„უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ვახტანგისის” გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით“,- აცხადებენ შსს-ში.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციითსუსლიაკი სამართალდამცველებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შეაჩერეს და საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით იულია სუსლიაკის საქმე გადაიგზავნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ.

არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. ტრეფიკინგში ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.