ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკი სამართალდამცველებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჰყავთ შეჩერებული
ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკი სამართალდამცველებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჰყავთ შეჩერებული

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სუსლიაკი სამართალდამცველებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჰყავთ შეჩერებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ.

როგორც ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურისა და პოლიციის მითითებით ჰყავთ დაკავებული.

მისივე ინფორმაციით, დეტალები არ იცის და ადგილზე ვითარების გასაცნობად მიდის.

არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით იულია სუსლიაკის საქმე გადაიგზავნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი შსს-საც დაუკავშირდა, სადაც მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. ტრეფიკინგში ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.