ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ
ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ

იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ადვოკატის მტკიცებით ნათლად ჩანს, როგორ არასათანადოდ ექცევა მედპერსონალი სუსლიაკის ბავშვებს. თოდუას თქმით, კადრები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული.

ადვოკატი მიმართავს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ ფარული ვიდეოჩანაწერებით და დაიწყოს გამოძიება.

„ეს ვიდეოები, რომელსაც მე ვასაჯაროებ, ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულიად კანონიერად მოპოვებული ფარულ ვიდეომასალებს, რომელიც გააჩნდა გამოძიებას. 22 სიდი დისკის სახით როდესაც გადმოგვეცა მტკიცებულებები, 72 გეგაბაიტიანი მასალა, მისი დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა მასალა იყო საღად წასაკითხი და აღქმადი, გარდა 25 აპრილისა. დამატებითი საჩივრების წერა დამჭირდა, რომ 25 აპრილს გადაღებული კადრები მენახა. გადმომეცა ეს დისკები. კადრები გადაღებულია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ფოიეში, სადაც არც ისე სასიამოვნო ურთიერთობა და დამოკიდებულება არის მედპერსონალის მხრიდან ამ ბავშვების მიმართ. ეს ფსიქოლოგს ვანახე და ასეთი კონსულტაცია მომცა, რომ არ არის ბავშვების საუკეთესო პირობებში ჩაყენება და მათი ინტერესების გათვალისწინება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს“, – განაცხადა სუსლიაკმა.

პროკურატურაში აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დღეს ბრიფინგზე სუსლიაკიც უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ბაქოდან დოკუმენტაციის არარსებობის გამო აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცა.

სუსლიაკი დღევანდელ ბრიფინგზე იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბარს გეგმავდა, რომელსაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განიცდიდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ. როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, იგეგმებოდა გარკვეული სპექტაკლის გათამაშება, რათა ქართველი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაეფარათ.

„უკრაინაში ქართველ სამართალდამცველებს დალაგებული აქვთ უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები, რათა ეს სიბინძურეები რამენაირად გაამართლონ. ამ სპექტაკლს იქ ჩაატარებდნენ. საქართველოზე უარესი მდგომარეობაა იქ ზოგიერთ სფეროში. ქართველი სამართალდამცველების თხოვნას ისინი შესანიშნავად შეასრულებდნენ, ჩაატარებდნენ ამ სპექტაკლს, დააკავებდნენ იულია სუსლიაკს, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ იტყოდნენ, ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და საქართველოში არავითარი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი პროკურორების მხრიდანო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ზურაბ თოდუას განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, სუსლიაკს აფხაზეთში ჩასვლის უფლება მიეცეს.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. ტრეფიკინგში ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე გუშინ უარი უთხრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, შსს-ს ცნობით, უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა.