სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე წვდომა აღდგა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე წვდომა აღდგა.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გვერდზე საჯაროდ წვდომა დაახლოებით 21:30 საათისთვის აღდგა, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და გვერდი შეუფერხებლად მუშაობს.
„როგორც გაირკვა, ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“ ჰქონდა გლობალური ხარვეზი, რის გამოც პრობლემა არაერთ სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას შეექმნა. მანამდე BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქმა“ ქალაქ დორსეტის ადგილობრივი ხელისუფლების ფეისბუქგვერდი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაშალა. ქალაქის საბჭოს გვერდი ერთი კვირის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი. მსგავსი პრობლემა შეექმნა ვაშინგტონის საჯარო ბიბლიოთეკასაც, DC Public Library-ს, რომლის ფეისბუქგვერდი გარკვეული დროის განმავლობაში არ იძებნებოდა. ამ დროისთვის „იმედის“ ფეისბუქგვერდზე ხარვეზი აღმოფხვრილია და შეუფერხებლად მუშაობს.
ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა დღეს, 28 ივნისს, დაახლოებით საღამოს 17:00 საათიდან იყო შეზღუდული. გვერდი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი ადმინისტრატორებისთვის. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეიზღუდა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუქზე“ ბოლო საათების განმავლობაში განცხადებებს „იმედის“ სახელით აკეთებს. არცერთ მათგანს „იმედთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ყველა არის ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდი. „იმედის“ ოფიციალური ფეისბუქგვერდის გარდა, ახალ ამბებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებგვერდზე – imedi.ge, imedinews.ge და „იმედის“ იუთუბ არხზე“, – აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციაში.