სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორი - მსაჯულთა ვერდიქტი ნათელი მაგალითია, რომ ყველა დანაშაული იქნება პასუხგაცემული
დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჩატარდა სრულყოფილად და მოპოვებულ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„გამოძიების დაწყების დღიდან აპელირება კეთდებოდა დაცვის მხრიდან, თითქოს გამოძიება ტარდებოდა არასრულყოფილად და გამოძიებაში იყო ხარვეზები. დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ჩატარდა სრულყოფილად და მოპოვებულ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში“, – განაცხადა ზაზა დათუკიშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ადასტურებდნენ წარდგენილ ბრალდებას. მისივე თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ყველა ნაფიცმა მსაჯულმა მხარი დაუჭირა გამამტყუნებელი ვერდიქტს.
„დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულებს შესთავაზა ალტერნატიული ვერდიქტი. თითქოს კობაური იყო შემსწრე ამ საზარელი დანაშაულის და მას არ ჩაუდენია. ბუნებრივია, აღნიშნულ მუხლზე იყო ერთხმად მიღებული გამართლებული ვერდიქტი და ყველა ბრალდებაში კობაური იყო დამნაშავედ ცნობილი ერთხმად. მინდა, მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება ჩვენს ქვეყანაში ასეთ საზარელ დანაშაულს და ყველა დანაშაული იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.