სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი გორის რაიონული სასამართლოდან იუწყება.
კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, მალხაზ კობაური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გასამართლებულიყო, მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ვერდიქტი ერთხმად, მათთვის განსაზღვრულ პირველ ოთხ საათში გამოიტანა.
უფროსმა ნაფიცმა მსაჯულმა გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, აღნიშნულს მოსამართლე განსაზღვრავს.
პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.