სლოვენია მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .
სლოვენიის საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ კონფლიქტი დიალოგითა და მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, – ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.