სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა და მწერლებმა ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები, პოეტები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა თანადგომა გამოუცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და განაცხადა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ჩვენი გმირის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად თითოეული ჩვენგანის სიტყვა და ხმა უნდა მივაწვდინოთ იქ, სადაც აუცილებელია. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გმირი, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, თავის საქმეს. ავიწყდებათ, რომ ადამიანი, რომელიც ემსახურება ადამიანის გადარჩენას, თვით ომშიც კი, ხელს არ ახლებენ, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ღირსეული მოწინააღმდეგე არ ჩანს. მინდა, თანადგომა გამოვხატო ოჯახის მიმართ. აუცილებლად, ძალიან მალე ჩვენ გვერდით იქნება ბატონი ვაჟა. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მრცხვენია, რომ ჩვენ აქ არ გვცივა და შეიძლება ბატონ ვაჟას, საკანში სცივა, მაგრამ ის არის გმირი. მინდა, ყველას გავაგონო – საქართველოს საზღვარი რუსეთთან არის მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან, რასაც მუდმივად იმეორებს ბატონი ვაჟა. მომავალი თაობა ასეთი მაგალითებით გაიზრდება და მომავალმა თაობამ სკოლებში უნდა ისწავლოს ეს. გმირი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე ჩვენ გვერდით იქნება“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
შეხვედრას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოც ესწრებოდა. ეპისკოპოსმა მხარდაჭერა გამოხატა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ და აღნიშნა, რომ ექიმი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. ხვალ საქართველოში იქნება ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, პირველი პირი პაპის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განიხილება ერთ მხარდამჭერ ნიშნად“, – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
შეხვედრას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ.