ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო - გილოცავთ შობას, ნუ გეშინიათ
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო - გილოცავთ შობას, ნუ გეშინიათ

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო ​ქრისტეშობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ეპისტოლეს ავრცელებს:

„ზეცა რომ გაგერღვია, ჩამოსულიყავი!“ (ეს 64,1) ესაია წინასწარმეტყველის ეს სიტყვები კარგად გამოხატავს იმ გრძნობას, რომელიც გულის ფსკერზე ყველას დაგვლექია და, ვფიქრობ, დაახასიათებს წლევანდელ შობას.

საყვარელო დანო და ძმანო,

პირველადაა, რომ აღვნიშნავთ შობას ამ უცნაური, პანდემიისგან თავს მოხვეული სახით: გადავსებული საავადმყოფოები, რომლებიც აღარ ღებულობენ, შიშის გამო დაცარიელებული ტაძრები, სულ უფრო მზარდი სიღარიბე, გაჩერებული ტრანსპორტი და მრავალი თხოვნა: ‹მამაო, დამეხმარეთ რა›, ‹მამაო, ჩვენს ოჯახში არავინ მუშაობს და გაგვითავდა ყველაფერი…›, ‹მამაო!!!…› ამგვარი თხოვნა სულ უფრო ხშირად ისმის ტაძრებთან და საქართველოს კარიტასთან. შობაც განსხვავებული იქნება, აღვნიშნავთ არცთუ იდეალურ გარემოში… ალბათ გულებიდან სევდის განდევნას ვერ მოვახერხებთ.

და რამდენი კითხვა მეორდება ჩვენში: რატომ? რის გამო ვერ დაგვიღწევია თავი ამ მდგომარეობისათვის? რატომ ვერავინ გვეუბნება, როდის მორჩება ეს ყველაფერი? რის გამო გადაგვფარებია ეს კაეშანის თალხი? ჩემშიც აურზაური ატეხეს შეკითხვებმა, როდესაც კოვიდი დამიდასტურდა!!!

„ზეცა რომ გაგერღვია!“. „მოდი! მოდი! მოდი, უფალო!“

არადა, შობა მოვა! ყველასთვის გაჟღერდება: „ნუ გეშინიათ! აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი: დღეს (…) დაიბადა თქვენი მაცხოვარი (…) იპოვით ყრმას შეხვეულს“ (ლკ 2,10-12). ახლებურად მესმის ეს სიტყვები! ეს სიტყვები ის ერთი მუჭა შუქია, ლიტურგია რომ გვაყრის თვალებში, რათა ამ ღამის მიღმა შევძლოთ გახედვა!

შობა სრულებით განსაკუთრებული რამაა! „ნუ გეშინია“: ღმერთი არ უნდა გვაშინებდეს! თუკი გაშინებს, ესე იგი ღმერთიც არ ყოფილა ის, რაც შენი ცხოვრების კარზე აკაკუნებს! „პოვებთ ყრმას“: ესაა მცირეში მყოფი ღმერთი, რომელიც ვიდრე მოგცემდეს, გთხოვს, რომელსაც სურს ხალხში ყოფნა. იგი ჩემთანაა, შენთანაა, ემანუელია!!. ადამიანს სურს აღმასვლა, მბრძანებლობა, მოთხოვნა, პირველობა. ღმერთს კი სურს დაღმასვლა, მსახურება, მიცემა, გაზიარება, სხვასთან ყოფნა პირბადისა და სოცდისტანცირების გარეშე! ესაა საგანთა ახალი წესრიგი. დაუჯერებელია! აი, უწყება! არა ვარ მარტო, აღარ ვიქნები მარტო! შობა დაგვიდგა!

„პოვებთ ყრმას სახვევებში გახვეულს“. ჩემს მზერას იპყრობს ‘სახვევები’! მრავალი მნიშვნელოვანი პირი ირთვება ხოლმე ლენტებით, სარტყლებით, სახვევებითა და ბაფთებით. არსებობს პრესტიჟული ლენტები, ხელისუფალთათვის განკუთვნილი, როგორიცაა, მაგალითად, ეპისკოპოსთა მეწამული სარტყელი, რომლის ტარების უფლება და ვალდებულება მეცა მაქვს, ლენტები სილამაზის სხვადასხვა კონკურსებზე, მოცეკვავეთა ასპარეზობაზე და ა.შ., რათა შეგამჩნიონ, სახელი გაგითქვან, პასუხისმგებლობასთან ერთად. თუმცა არიან ისინიც, ვინც ატარებენ უბრალო სახვევებსაც, სამკურნალოდ შესახვევად, სანუგეშოდ და დასაფარად… ეს სახვევები მეტყველებს ტკივილსა და გარჯაზე, ისინი ყოველთვის როდი გიზიდავენ და არც მათ მორგებას ცდილობს ადამიანი, არადა ისინი იმედის მატარებელნი არიან. კურთხეული სახვევები!

იესო, ღმერთი სახვევებშია გახვეული. აღმოსავლურ ხატებზე ახალდაბადებული იესო ისევეა შესუდრული, როგორც სამარხში დამარხვისას. რა სახვევებია? თუ ნახავთ საშობაო ბაგას ამ დღეებში, დააკვირდით იესოს სახვევებს. თან წაიღეთ და გამოიყენეთ ისინი, რათა შეუმსუბუქოთ ტანჯულს ტკივილი, შეაერთოთ და გადააბათ დაწყვეტილი ურთიერთობები, მიუტევოთ მას, ვინც შეცდა, ოფლი მოსწმინდოთ ქანცგაწყვეტილს, იმის სათქმელად, რომ სიკვდილი ვერასოდეს აჯობებს სიცოცხლეს. შენც შეიმოსე ამ სახვევებით, გამოგადგება!

კორონა ვირუსი შეიძლება იქცეს დიდ შესაძლებლობად! ჩვენი ცხოვრება ამ სახვევებით შესაძლოა გახდეს „დიადი სიხარული, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი!“ რა მშვენიერია, მაშინაც კი, როცა მხოლოდ რამდენიმე წუთით შევჩერდებით დაჩოქილები ამ ყრმის წინაშე! შემართებით ვიცხოვროთ ჩვენი რწმენით, რათა შეგვეძლოს დავბადოთ სიხარული და იმედი იქ, სადაც ვიმყოფებით!

ვილოცოთ ჩვენი ეკლესიისათვის საქართველოში.

მემახსოვრებით ყველანი „ჩვენთვის შობილ ჩვილთან“!

გილოცავთ შობას!!! „ნუ გეშინიათ“!“ – აღნიშნავს + მ. ჯუზეპე პაზოტო,​ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი.