სიტყვიერი დაპირისპირების გამო, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მიიღო.
უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კომისიის სხდომაზე ყველა მოწმეს მიეცეს კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება. მისი თქმით, კომისიის ზოგიერთი წევრი მოწმეებს ამის საშუალებას არ აძლევს.
ანრი ოხანაშვილის ამ განცხადებას უკმაყოფილება მოყვა კომისიის რამდენიმე წევრის მხრიდან, რის გამოც დეპუტატებს შორის დაიწყო კამათი. კერძოდ, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ სერგო რატიანი, ანრი ოხანაშვილი, ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი.
ოხანაშვილმა სერგო რატიანი არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.
„არაკონსტრუქციული ხართ, შეურაცხყოფას აყენებთ აქ მოსულ პირებს. თავი ხელში აიყვანეთ“, – მიმართა ოხანაშვილმა რატიანს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა გამომძიებლებმა ასევე უკმაყოფილება გამოხატეს, რომ მათ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება არ ეძლეოდათ.
ელენე ხოშტარიამ გამომძიებლებს მოუწოდა, თავიანთი განცხადებებით კომისიის მუშაობაში ნუ ჩაერეოდნენ.
„წესიერად მოიქეცით, როგორ ბედავთ აქ ასე საუბარს. არ გაქვთ უფლება, ჩაერიოთ კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კომისიის სხდომა რამდენიმე წუთის წინ ისევ განახლდა.