„სითი პარკის“ იურისტი - მერიის წარმომადგენლების მიერ გადაღებულ ფოტოებში გამიზნულად თუ უნებლიედ, „სითი პარკის“ მიერ დატანილი საგზაო ნიშნები არ ჩანდა
„სითი პარკის“ იურისტი - მერიის წარმომადგენლების მიერ გადაღებულ ფოტოებში გამიზნულად თუ უნებლიედ, „სითი პარკის“ მიერ დატანილი საგზაო ნიშნები არ ჩანდა

„სითი პარკის“ იურისტის, ნანუკა ავალიანის განცხადებით, „სითი პარკის“ წინააღმდეგ ბრალდებები ძირითადად 751 ადგილს ეხება, რომლებიც, ბრალდებების თანახმად, სათანადოდ აღჭურვილი არ იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიები კომპანიამ შეისწავლა და საბუთებში, რომლებიც სასამართლოს წარუდგინა, ნათლად ჩანს, რომ კონკრეტული მისამართები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იყო მოწყობილი.

როგორც ნანუკა ავალიანი ამბობს, ხშირშემთხვევაში, მერიის წარმომადგენლების მიერ გადაღებულ ფოტოებში გამიზნულად, თუ უნებლიედ, „სითი პარკის“ მიერ დატანილი საგზაო ნიშნები არ ჩანდა.

„ბოლო პერიოდში, არაერთხელ გაჟღერდა ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. ეს ძირითადად, 751 ლოკაციას ეხება, რომლებიც სათანადოდ აღჭურვილი არ იყო. ჩვენ ეს ტერიტორიები შევისწავლეთ, თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ მასალებს, ფოტოსურათებს გავეცანით და დაახლოებით, 500–მდე ადგილზე შედარების აქტი გავაკეთეთ. ეს დოკუმენტაცია სასამართლოს მივაწოდეთ და მოგვიანებით, დამატებითი მტკიცებულების სახით წარვადგენთ“, – განაცხადა ავალიანმა.

მისი თქმით, 1 600–გვერდიანი სარჩელით, რომელიც „სითი პარკმა“ გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა, კომპანია მოითხოვს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება უკანონოდ იქნას ცნობილი, „სითი პარკი“ კი – კეთილსინდისიერ ხელშემკვრელ მხარედ. 

როგორც „სითი პარკის“ იურისტმა აღნიშნა, არ შეიძლება, მხოლოდ „სითი პარკზე“იყოს საუბარი, როგორც არაკეთილსინდისიერ ხელშემკვრელ მხარეზე და ამ დროს ყურადღება არ მიექცეს სხვა საგზაო მონიშვნებს, თუნდაც ზებრებსა და ღერძულა ხაზებს, რომლებზე პასუხისმგებელიც ასევე დედაქალაქის მუნიციპალიტეტია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და რა ფორმით მოხდება „სითი პარკის“ მიერ ამ დრომდე გამოწერილი საჯარიმო თანხის ამოღება, ნანუკა ავალიანმა აღნიშნა, რომ ამნისტია არ გამოცხადებულა, საჯარიმო ქვითრები არ გაუქმებულა და შესაბამისად, სამართალდამრღვევებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებს ჯარიმების გადახდის ვალდებულება რჩებათ.

„ამ ქვითრებით გათვალისწინებულ თანხას კომპანია უახლოეს მომავალში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამოიღებს. სამართალდამრღვევებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებს ჯარიმები იურიდიულ მისამართებზე გაეგზავნებათ და შემდეგ უკვე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება“, – განაცხადა ნანუკა ავალიანმა.