კახა კალაძე - „სითი პარკისგან“, ტექნიკასთან ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ
კახა კალაძე - „სითი პარკისგან“, ტექნიკასთან ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“, ტექნიკასთნ ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა.

როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით აარის დაკავებული.

„მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

„ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა. ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია, შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 300 000 აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომპანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 000 მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო.

„წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 000 ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი