სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში გამოძიებას იწყებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში გამოძიებას იწყებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში გამოძიებას იწყებს. პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ გამოძიების დასაწყებად სასამართლოს ნებართვა ითხოვა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიება სავარაუდო ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ჩატარდება.

„ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე პროკურორის ოფისი 2006 წლიდან წინასწარ გამოძიებას ატარებდა. ოფისში არსებული სიტუაციის სრულყოფილი და ფრთხილი შესწავლის შემდეგ, რომის სტატუტის სამართლებრივი კრიტერიუმის გათვალისწინებით, პროკურორმა დაადგინა, რომ ავღანეთში არსებულ ვითარებაზე გამოძიების გასაგრძელელებლად გონივრული საფუძველი არსებობს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

პროკურორის ოფისმა დაადგინა, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ სასამართლოს იურისდიქციაში არსებული შემდეგი დანაშაულები მოხდა: დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაული თალიბანისა და მასთან დაკავშირებული „ჰაქანის ქსელის“ მიერ; ომის დანაშაული ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ, მათ შორისაა ეროვნული პოლიცია; ომის დანაშაული აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ.