„გარდიანი“ - ისრაელის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდაზე ზეწოლას ახდენდა, უარი ეთქვა ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებაზე
„გარდიანი“ - ისრაელის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდაზე ზეწოლას ახდენდა, უარი ეთქვა ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებაზე

ისრაელის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი იოსი კოენი ჰააგის სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან საიდუმლო შეხვედრისას მასზე ზეწოლას ახდენდა, უარი ეთქვა ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „მოსადის“ ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, დაემუქრა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილ მთავარ პროკურორს.

იოსი კოენის ფარული კონტაქტები ჰააგის სასამართლოს იმდროინდელ პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან მის გადაწყვეტილებამდე მოხდა, დაეწყო ოფიციალური გამოძიება ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

გამოძიება, რომელიც 2021 წელს დაიწყო, გასულ კვირას დასრულდა, როდესაც ბენსუდას შემცვლელმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემა სურს ღაზაში ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით.

ისრაელის მაღალჩინოსნის თქმით, მისი საქმიანობა იყო ავტორიზებული მაღალ დონეზე და გამართლებული იყო იმ საფუძველით, რომ სასამართლო წარმოადგენდა სამხედრო პერსონალის დევნის საფრთხეს.

კიდევ ერთმა წყარომ „გარდიანს“ უთხრა, რომ კოენი მოქმედებდა, როგორც ნეთანიაჰუს „არაოფიციალური მაცნე”.

გამოცემის ცნობით, კოენმა, სავარაუდოდ, უთხრა ბენსუდას: „თქვენ უნდა დაგვეხმაროთ და მოგვცეთ საშუალება, ვიზრუნოთ თქვენზე. თქვენ არ გსურთ ჩაერთოთ ისეთ საკითხებში, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენი ოჯახის უსაფრთხოებას“.

„გარდიანი“ წერს, რომ „მოსადი“ ასევე დაინტერესდა ბენსუდას ოჯახის წევრებით და მოიპოვა მისი მეუღლის ფარული ჩანაწერები, შემდეგ ისრაელის ოფიციალური პირები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ მასალა პროკურორის დისკრედიტაციისთვის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ინფორმაცია სავსეა მრავალი ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებით, რომლებიც მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოს.