სინგაპურის პარკებში სოციალურ დისტანციას რობოტი-ძაღლები აკონტროლებენ
18:54, 10.05.2020
სინგაპურის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების უცნაურ მეთოდს მიმართა — პარკებში გამოჩნდა რობოტი-ძაღლი, რომლებიც ადამიანებს შორის სოციალურ დისტანციას აკონტროლებს.
კომპანია Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი ოთხფეხიანი დისტანციურად მართვადი რობოტი ქალაქი-სახელმწიფოს ცენტრალურ პარკში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა; ორკვირიანი საცდელი პროგრამის ფარგლებში, საყოველთაო კარანტინის დროს, მას სხვა რობოტებიც შეუერთდებიან.
„შეინარჩუნეთ ჯანმრთელი სინგაპური. თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობისათვის, გთხოვთ, სხვებთან ერთ მეტრზე ახლოს არ მიხვიდეთ. გმადლობთ“, — იმეორებს პარკში აქეთ-იქით მორბენალი შავ-ყვითელი შეფერილობის რობოტი სახელად „სპოტი“ ინგლისურ ენაზე, ქალის ხმით.
კარანტინის წესების დარღვევისთვის სიგნაპურში დაწესებულია დიდი ჯარიმები და პატიმრობაც კი.
ქალაქი-სახელმწიფოს მოსახლეობა 5,7 მილიონ ადამიანს შეადგენს; COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 21 000-ს აღწევს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზიაში, რისი მიზეზიც დიდწილად გახდა ინფექციის მასობრივი გავრცელება მიგრანტ მუშათა დასახლებაში.
პირველ ივნისამდე მოქმედი საკარანტინო წესების მიხედვით, ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება მხოლოდ ძირითადი საჭიროებებისათვის, მაგალითად, მაღაზიაში გასასვლელად შეუძლიათ, საზოგადოებრივ ადგილებში კი ყოველთვის აუცილებლად უნდა ატარებდნენ ნიღაბს. ნებადართულია ღია სივრცეებში ვარჯიშიც, ოღონდ აუცილებლად მარტო.
ახლომდებარე შადრევანთან დარაჯობს პატარა მანქანის ზომის კიდევ ერთი რობოტი, რომელიც მნახველებს აფრთხილებს, რომ შეკრებები აკრძალულია და უსაქმოდ არ იხეტიალონ.
საცდელი პროგრამის ავტორის, სინგაპურის ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, რობოტი „სპოტი“ საქმეს უკეთესად ართმევს თავს პარკებისა და ბაღების მყარ რელიეფზე.
გარდა იმისა, რომ შემხვედრ ადამიანებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს, „სპოტი“ ასევე აღჭურვილია კამერებითა და ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლებითაც პარკში მყოფ ადამიანთა რაოდენობას ანგარიშობს.
ხელმძღვანელობის განცხადებით, კამერებს არ შეუძლია კონკრეტულ ინდივიდთა თვალთვალი და პერსონალური მონაცემების ჩაწერა.
ცოტა ხნის წინ, რობოტი „სპოტი“ გამოსცადეს საავადმყოფოებში პაციენტების წამლებით მომარაგებისთვისაც.