„სიენენის“ ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე მინეაპოლისის პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის დაკავების დროს ასფიქსიით 58 ადამიანი გარდაიცვალა
მინეაპოლისის პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის დაკავების დროს ასფიქსიით 2012 წლიდან დღემდე 58 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კისრის არეში მუხლის დაჭერით სულ 428 ადამიანი დააკავეს. ამავე ინფორმაციით, მათი ორი მესამედი კი, აფრო-ამერიკელია. ქალაქში აფრო-ამერიკელები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 19 პროცენტს შეადგენენ.
მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოყენებული ძალის შედეგად, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამ ფაქტს აშშ-ის ბევრ ქალაქში პროტესტი, შემდეგ კი, არეულობა მოჰყვა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცნობით, ჯორჯ ფლოიდი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა.