მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის, ბრუკლინ ცენტრის რაიონის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ სამართალდამცველის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობა უბედური შემთხვევა იყო.

ტიმ გენონის განმარტებით, პოლიციის ოფიცერს ელექტროშოკერის გამოყენება სურდა, თუმცა შეცდომით თავისი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ბრუკლინ ცენტრში პოლიციელის მიერ 20 წლის დანტე რაითის მკვლელობას საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. დარბეულია მაღაზიები, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბრუკლინ ცენტრში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.

11 აპრილს დანტე რაითი სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მასსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კვლავ მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსმა, ტიმ გენონმა პრესკონფერენციაზე მედიას ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის ოფიცრის შეძახილი „Taser“ (ელექტროშოკერი). გასროლის შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრილმა დანტე რაითმა გზა კვლავ ავტომანქანით განაგრძო, თუმცა რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ავარიაში მოჰყვა.

„ჩემი რწმენით, ოფიცერს სურდა თავისი ელექტროშოკერის გამოყენება, თუმცა მას ერთი ტყვია ესროლა. ამ ტკივილის შესამსუბუქებლად ვერაფერს ვიტყვი“, – განცხადა გენონმა.

შემთხვევის მონაწილე ოფიცერი კიმ პოტერია, რომელიც ბრუკლინ ცენტრის პოლიციაში 26 წელია მუშაობს. მას უფლებამოსილება შეუჩერეს.