შუალედურ არჩევნებში 60-დან 50 უბნის დათვლის შედეგად, გივი ჭიჭინაძეს ხმების 57.34% აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე 57.34%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა 38.95%-ით.
ამ დროისთვის, ცესკოს-ს ვებგვერდზე 50 შესული ოქმია გამოქვეყნებული.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი 0.46%; „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი – 0.23%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე – 1.49%; საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა), ვასილ კოპალიანი – 1.52 %.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
№54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა. ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.