შუახევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. სოფლები კლდისუბანი და ბესელაშვილები ახალი ხიდით ცენტრალურ ავტომაგისტრალს დაუკავშირდნენ, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა.
მშენებლობისთვის 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. ხიდი ამავდროულად სამკურნალო წყლებთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაც არის. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და განაცხადა, რომ გაუმართავი ხიდის პრობლემა მოსახლეობას რამდენიმე წელია აწუხებდათ.
„ხიდის არსებობა უმნიშვნელოვანესია კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობისთვის, რომელთაც გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდა და დღეიდან გადაადგილება ახალი კაპიტალური ხიდის საშუალებით შეეძლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია.