ირაკლი ღარიბაშვილი - შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციებისა და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის
ირაკლი ღარიბაშვილი - შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციებისა და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციებისა და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის და მეტი ტურისტის მოსაზიდად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ტურისტული პროექტების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხუთი პროექტი წარადგინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ 750 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნისა და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

პროექტის მიხედვით, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებითა და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.

კურორტ გომარდულში ტობოგანისა და საბაგიროების მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები და საკეპინგე ზონა შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი შუახევს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და გურიასთან მთებით დააკავშირებს.

ასევე, მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.