გიორგი გახარია - ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო გლეხის, ფერმერის მხარდასაჭერად ახორციელებდა, გაძლიერდება და გაგრძელდება
გიორგი გახარია - ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო გლეხის, ფერმერის მხარდასაჭერად ახორციელებდა, გაძლიერდება და გაგრძელდება

გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შუახევში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

მისივე თქმით, ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო გლეხის, ფერმერის მხარდასაჭერად ახორციელებდა, გაძლიერდება და გაგრძელდება.

„ბევრი, მაგარი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომლებიც ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ვაკეთებთ, რომ გლეხი ფერმერი გახდეს. ფერმერი ნიშნავს იმას, რომ ძლიერია და მეზობლის გარდა, ნათესავს დაასაქმებს, ამასთან, სხვა ოჯახებსაც შემოსავალს გაუჩენს. ყველა ის პროგრამა , რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით გლეხის, ფერმერის მხარდასაჭერად, გაძლიერდება და გაგრძელდება. ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამუშავებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და აჭარაში მოდის, სახელმწიფო გლეხს მიეხმარება. გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ. მაშინ ვიქნებით წარმატებული ხალხი და მაშინ გვეთქმის ჩვენი მომავლისთვის, რომ ვიშრომეთ, რათა  წარმატებული მომავალი დაგვეტოვებინა ჩვენი შვილებითვის. ეს არის ჩვენი მიზანი. არავისთან ბრძოლა, ომი არ გვჭირდება. ყველაზე კარგად ვიცით სად, რომელ ქალაქში, დაბაში, სოფელში რა არის გასაკეთებელი. ამაში ვერავინ გვაჯობებს. ყველაზე ეფექტიანი მთავრობა არის და იქნება, რადგან ორიენტირებულია ადამიანზე. შუახევს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი. ბათუმთან სიახლოვე, ტურისტის ნაკადები, უამრავი ისტორიული ძეგლი, შესანიშნავი ბუნება, რაც მთავარია, საუკეთესო ადამიანები“, – განაცხადა გიორგი გახარაიმ.