შტაინმაიერი - საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი ბოროტება მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე არასდროს განმეორდეს
შტაინმაიერი - საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი ბოროტება მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე არასდროს განმეორდეს

მინსკის გარეუბანში, სადაც გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკი არსებობდა, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნის ცერემონიაზე ბელარუსში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ჩავიდნენ.

გახსნის ცერემონიაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამ და სხვა მემორიალებმა მსოფლიოს უნდა შეახსენოს, რომ გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ რაციონალური გადაწყვეტილებებითა და დიალოგით მიიღწევა.

სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნაცისტური გერმანიის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბოროტება მსოფლიოს მუდამ უნდა ახსოვდეს იმ მიზნით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

„ამ ადგილზე, სადაც 150 ათასი ადამიანი მოკლეს, მემორიალის აღმართვა მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ცხადად უნდა ახსოვდეს ისტორია მეორე მსოფლიო ომის შესახებ. პირველ რიგში, ჩვენ ამ ისტორიის გათვალისწინებით, აღარასოდეს უნდა დავუშვათ მსგავსი ბოროტების, მსგავსი დანაშაულის განმეორება. ეს ევროპული სახელმწიფოების მთავარი მოვალეობაა“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.