გერმანიის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს
გერმანიის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს

ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ვითარება შეიცვალა, ჩვენ ევროპასა და ამერიკის ურთიერთობების ცვლილებების მოწმე ვართ,- ეს განცხადება ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანულ გამოცემა Neue Osnabrücker Zeitung -თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ხედვა არ შემოიფარგლება „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფილოსოფიით, რომელიც ასევე მოიცავს ტარიფებს, პროტექციონიზმსა და სავაჭრო შეზღუდვებს”, არამედ ასევე ვლინდება „უსაფრთხოების შესახებ შეცვლილ წარმოდგენებშიც” – აღნიშნავს გერმანიის პრეზიდენტი.

შტაინმაიერს მიაჩნია, რომ ევროკავშირს დაფიქრება მართებს ნატო-ს ევროპული შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამასთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის აზრით, ნატო-ს ბიუჯეტში მშპ-ის 2 პროცენტამდე გაზრდილი შენატანი, რასაც ვაშინგტონი მოითხოვს, არ უნდა იყოს განხილული, როგორც მნიშვნელოვანი მიზანი, რამდენადაც მისი მიღწევა ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას.

დღეისათვის გერმანიის შენატანი ნატო-ს ბიუჯეტში ქვეყნის მშპ-ის 1.24 % -ია და მის გაზრდას 2024 წლისთვის, მხოლოდ 1.5%-მდე გეგმავს.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან შერიგებისკენ. გერმანიის პრეზიდენტი შეშფოთებულია დასავლეთისა და რუსეთის გაუცხოებით. ის იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეძლებენ, აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო არ გააღრმავონ.