შსს-სა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტები აცხადებენ, რომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვრიკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ემზარ გავაშელაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება არ შეეძლო.
ამასთან, დღესვე დაიკითხა შსს-ს საექსპერტო ბიუროს ექსპერტი ირაკლი სარდაძე, რომელმაც ასევე თქვა, რომ ბრალდებულს შეჯახების თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო.
სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის, გიორგი პაპასკირის მამამ. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.
საქმის განხილვა 22 თებერვალს, 16:00 საათზე გაგრძელდება.