საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.