შრომის ინსპექცია - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაღუპულ მუშას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა
პირველადი დათვალიერებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში დაღუპულ მუშას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, – ამის შესახებ პირველ არხს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ აცნობა.
მისი ინფორმაციით, საწარმოს შემოწმება 2016 წლის აპრილში განხორციელდა და შედეგად დადგინდა, რომ ქარხანაში მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენებოდა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები. ინდივიდუალურ საშუალებებში შედის ხელთათმანები, ჩაფხუტი, სათვალე, ღვედი და ა.შ. კოლექტიური დაცვის საშუალებებს კი განეკუთვნება ვენტილაცია, ხმაურის დონე და სხვა პირობები.
ელზა ჯგერენაიას განმარტებით, იმ მიზნით, რომ შემოწმებულიყო, გამოასწორა თუ არა საწარმომ ხარვეზები, რემონიტორინგი 2017 წლის დეკემბერშიც ჩატარდა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ საწარმომ ნაწილობრივ გაითვალისწინა შრომის ინსპექციის შენიშვნები. მაგალითად, საამქროების ნაწილში გამოსწორებული იყო სიტუაცია ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. რაც შეეხება პერსონალის ეკიპირებას და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, მას, რემონიტორინგის შედეგების თანახმად, სათანადოდ ისევ არ მოიხმარდნენ. კერძოდ, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მართალია, უბნებზე იყო მიწოდებული სათანადო ეკიპირება და პერსონალსაც ჩაუტარდა მისი გამოყენების ინსტრუქტაჟი, თუმცა, მუშაობის პროცესში, როგორც თვითმხილველები საუბრობენ, მას პერსონალის მხოლოდ ნაწილი იყენებდა. გამოყენების პროცესი კი, მისივე თქმით, სათანადოდ არ კონტროლდებოდა.
„როგორც დასაქმებულები ყვებიან, მათ ჰქონდათ ეკიპირება, მაგრამ მას ყველა მუშა არ მოიხმარდა. მხოლოდ ეკიპირების ქონა არ ნიშნავს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. თითოეულ უბანს ჰყავს ოსტატი, რომელიც ხელმძღვანელობს ბრიგადას და რომელმაც უნდა აკონტროლოს, იყენებენ თუ არა მუშები აღჭურვილობას და, რაც მთავარია, იყენებენ თუ არა მას სწორად“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და საბოლოო დასკვნა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიდება.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 61 წლის მუშა 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.