შპს „თერგი ერთის“ წარმომადგენელი - რამდენიმე დღეში გვექნება დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი
რამდენიმე დღეში ფართებს აღვადგენთ, რათა მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება მივცეთ და ბაზარმა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყოს, – ამის შესახებ შპს „თერგი ერთის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე იაშვილმა ხანძრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა გუშინ დაიწყეს და რამდენიმე დღეში დასკვნას გამოაქვეყნებენ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
„რამდენადაც ჩვენ ვიცით, სამი საწყობი დაიწვა. სამ პიროვნებას დაეწვა თავისი პროდუქცია. როდესაც ხანძარს აქრობდნენ, წყალი ქვედა სართულზე ჩავიდა და რამდენიმე მაღაზია დაზიანდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამ მაღაზიებს დაზღვევა ჰქონდათ. სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლები გუშინაც იყვნენ. ეს არის „ირაო“ და „ჯი-პი-აი“. დღეს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მოვაჭრეებთან ერთად ზარალის ოდენობას გაარკვევენ. ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი როდის იქნება წინასწარ ვერ გეტყვით.
გუშინ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და რამდენიმე დღეში მოგვცემენ დასკვნას, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ტერიტორიის 70-80 პროცენტს ჩვენ მთელი ღამე ვასუფთავებდით. ალბათ რამდენიმე დღეში ფართებს აღვუდგენთ, რათა ამ მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება მივცეთ და ბაზარმა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყოს. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ბაზარმა მუშაობა ნორმალურად გააგრძელოს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. მისივე თქმით, მეხანძრეებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს და ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ძალიან მალე მოხდა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი 2 ოქტომბერს, დილით გაჩნდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.