შპს „კასარას“ დირექტორი ცეზარ ჩოჩელს CO2-ის მომპოვებელი ქარხნის მითვისების მცდელობასა და თაღლითური გზით გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს
შპს „კასარას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანული თურქოშვილი ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელსა და მისი ოჯახის წევრებს CO2-ის მომპოვებელ-გადამამუშავებელი ქარხნის მითვისების მცდელობასა და თაღლითური გზით გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც „კასარას“ დირექტორმა განაცხადა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციაში აღძრული საქმის საფუძველზე ორი სასამართლო უკვე ჩატარდა, მაგრამ ცეზარ ჩოჩელის მხრიდან „კასარას“ უკანონოდ მითვისების მცდელობა კვლავ გრძელდება.
საქმე ეხება CO2-ის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ქარხანას, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი არის ნანული თურქოშვილი. კომპანია ფლობს 25-წლიან ლიცენზიას წიაღის მოპოვებაზე დღეღამური მოცულობით 40 ტონაზე. ჭაბურღილი ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და 11 კმ-იანი მილსადენით უკავშირდება CO2-ის გადამამუშავებელ მშენებარე ქარხანას.
თურქოშვილის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 2014 წლიდან დღემდე მიზანმიმართულად, ცეზარ ჩოჩელი თავისი პირადი ინტერესით ცდილობს „კასარას“ პარტნიორების ქონების მითვისებას. მისივე განცხადებით, კომპანიის გაკოტრება მიმდინარეობს მიზანმიმართულად.
„მისი ცოლის ძმა გიორგი ჩიტიშვილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატი ასლან ხადარცევი, მისი სიძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება თაღლითური გზით ცდილობენ, მიითვისონ „კასარას“ დანარჩენი პარტნიორების ქონება, გააკოტრონ და გახდნენ ერთადერთი მესაკუთრე. 2011 წელს ცეზარ ჩოჩელმა თავისი გუბერნატორობის პერიოდში მოიყვანა „კასარაში“ ინვესტორები, მათ შეისყიდეს 50% წილი, იმ პერიოდში ინვესტირება არ მომხდარა. მათ შემოგვთავაზეს წილის გამოსყიდვა, თემურ უგულავას და სხვა ბიზნესმენების ქონება მაშინ დაყადაღებული იყო და დაკარგვის ეშინოდათ. ჩვენ უკან დავიბრუნეთ 55%, გავხდით 100%-ის მფლობელი. ამ პერიოდში ჩოჩელმა შემოგვთავაზა, რომ მისი ცოლისძმა ფიქრობდა ქვეყანაში გარკვეული სახის ინვესტიციის განხორციელებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ცეზარ ჩოჩელთან, გიორგი ჩიტიშვილმა მოისურვა 70%-ის წილის ყიდვა ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ. სიტყვიერი მოლაპარაკებით, ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 3 მილიონნახევარი დოლარი. ამაში შედიოდა CO2-ს გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უნდა შეესყიდათ, აემუშავებინათ, პასუხს აგებდნენ გაზის მოპოვება-გადამუშავება- რეალიზაციის ხარისხზე. მოხდა შეთანხმება, რომ შეისყიდიდნენ 70%-ს, მაგრამ ხელისუფლება რომ შეიცვალა, რამდენიმე თვის შემდეგ ცეზარ ჩოჩელი დაიჭირეს და ჩვენი საქმიანობა დროებით შეფერხდა. ცეზარ ჩოჩელის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი ჩიტიშვილი არ გამოჩენილა, მაგრამ „ზედაზენის“ ფინანსური მენეჯერი სერგო ღვინიაშვილი მოდიოდა, მოჰქონდა თანხები, გვიფორმებდა სესხებს და შემდგომში არადეკლარირებული თანხები დაფიქსირდა, როგორც ინვესტიცია. იმ პერიოდში თეა წულუკიანის ბრძანებით მოხდა მიწის რეგისტრაციის შეჩერება უცხოელებზე და გაძნელდა მიწის კატეგორიის შეცლა, რომ მშენებლობა დაგვეწყო. 2014 წელში მოხდა წილის გადაფორმება. გაფორმებამდე 4 დღით ადრე, მათ შეგვიყვანეს შეცდომაში, შემოგვთავაზეს ხელმოწერა, რომ შეიძენდნენ მილიონ 21 ათასად შეფასებულ ჰოლანდიური წარმოების დანადგარს, გააფორმეს კონტრაქტი, გადაიხადეს ავანსი, მაგრამ დანარჩენი თანხა აღარ გადაიხადეს და 2015 წლიდან დაიწყეს „კასარას“ გაკოტრების ჩანაფიქრის განხორციელება “, – განაცხადა ნანული თურქოშვილმა.
მისი თქმით, ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით, კონტრაქტი ჩავარდნილია.
„ცდილობენ, არ გადაიხადონ კრედიტის თანხები, რომელიც ცეზარ ჩოჩელის უშუალო მონაწილეობით უნდა დაფარულიყო. ცდილობენ, არ გადაიხადონ ბანკის პროცენტი, რის გამოც „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსება შეწყდა. სალიცენზიო მოსაკრებელის გადაუხდელობის გამო, ამჟამად „კასარას“ ბიუჯეტის მიმართ 22 ათასი ლარი დავალიანება აქვს, არ იხდიან ხელფასებს, კომუნალურებს და „კასარა“ გაკოტრების ზღვარზეა. ბანკმა შეგვიყვანა „შავ სიაში“, რომ დავკარგოთ ლიცენზია და ის ცეზარ ჩოჩელმა შეისყიდოს. მისი ბიზნესი მთლიანად CO 2-ზე მუშაობს“,- განაცხადა ნანული თურქოშვილმა.
ამასთან, ცეზარ ჩოჩელი უარყოფს ყველანაირ კავშირს ამ კომპანიასთან და ნანული თურქოშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ჩოჩელი საქართველოს პირველ არხთან აღნიშნავს, ამ თემის გააქტიურება მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.