შპიცბერგენის არქიპელაგზე კლიმატის ცვლილების გამო დახოცილი 200-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იპოვეს
ნორვეგიის შპიცბერგენის არქიპელაგზე 200-ზე მეტი შპიცბერგენის ირემი იპოვეს დახოცილი. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი უდიდესია 1978 წლის შემდეგ, რაც ამ პოპულაციის მონიტორინგი დაიწყეს. მეცნიერთა განცხადებით, უბედურების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.
ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის განცხადების მიხედვით, შპიცბერგენის ირემს (Rangifer tarandus platyrhynchus) ტანჯავს არახელსაყრელი ზამთარი, რამაც ისინი საკვების ნაკლებობამდე და საბოლოოდ, დახოცვამდე მიიყვანა.
პოპულაციის ცოცხლად დარჩენილი ნაწილი კი სასტიკად არის წონაში დაკლებული.
„შემზარავია ამდენი მკვდარი ცხოველის პოვნა. ეს გახლავთ შეამაძრწუნებელი მაგალითი იმისა, როგორ აზიანებს კლიმატის ცვლილება ბუნებას. ძალიან სამწუხაროა“, — აღნიშნავს ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ეკოლოგი ენვიკ პედერშენი.
შპიცბერგენის ირემი ამ არქიპელაგის ენდემია. ნორვეგიელი მეცნიერების მიერ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის სახეობად არის მიჩნეული, რადგან იგი ტუნდრის ეკოსისტემისთვის გადამწყვეტ სახეობად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ირემზე ცოტა მტაცებელი ნადირობს, მათი გვამები ამ რეგიონის ბინადარი არქტიკული მელას (Vulpes lagopus) კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. გარდა ამისა, ეს ირემი საკვებში კონკურენციას უწევს ფრინველთა რამდენიმე სახეობას.
გამომდინარე აქედან, ირმების რაოდენობის ნებისმიერ ცვლილებას ეფექტი ექნება სხვა ცხოველთა პოპულაციებსა და მცენარეულობაზეც.
ეკოლოგები დარწმუნებული არიან, რომ საკვების ნაკლებობა გამოიწვია არქტიკაში მომატებულმა ტემპერატურამ. ამან კი გამოიწვია ნალექების დიდი ოდენობა ზამთარში, რომელიც შემდეგ ნიადაგზე იყინება და წარმოქმნის ყინულის სქელ, მყარ ფენას.
როგორც წესი, ირემს თავისუფლად შეუძლია თოვლის გათხრა და მის ქვეშ არსებული მცენარეულობის ჭამა. თუმცა, ყინულის ფენა შეუღწევადი აღმოჩნდა და შესაბამისად, ირმები შიმშილობამდე მივიდნენ.
გარდა ამისა, თბილი ზამთარი ნიშნავს უფრო ხანგრძლივ შეჯვარების პერიოდს. თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში მაღალია კონკურენცია საკვების მოპოვებაზე, მისთვის დიდ რისკებზე წასვლა და მთებზე ცოცვა ზედა ზონების მცენარეულობამდე მისაღწევად. ზუსტი ცხოველის გადარჩენის შანსი კი ნაკლებია. პირველ რიგში იხოცებიან როგორც ბებერი, ისე ძალიან ახალგაზრდა ირმები.
ამ ყველაფერს გრძელვადიანი ეფექტი აქვს პოპულაციის რაოდენობაზე.
ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის განცხადების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურის ცვლილება შპიცბერგენზე ამჟამად უდიდესი და უსწრაფესია.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ სიტუაციის გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე, ამჟამად ბუნდოვანია, მაგრამ შეიძლება იმდენად დრამატული იყოს, რომ მრავალ სახეობას ახალ გარემო პირობებთან სწრაფად შეგუება გაუჭირდეს.
მომზადებულია npolar.no-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.