შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი - ოფიციალური ლონდონი „ბრექსითით“ დიდ გაუგებრობას ქმნის
შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტარჯონი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა Brexit-ის შესახებ სრულ გაუგებრობაშია და ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არასწორად აწარმოებს.
„ლონდონი „ბრექსითით“ დიდ გაუგებრობას ქმნის. რეალობას მოკლებულია მიზნები და ის გზა, რა გზითაც „ბრექსითის“ პროცესის უმტკივნეულოდ გავლას ცდილობს“, – განაცხადა ნიკოლა სტარჯონმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე საუბარი აქტუალური ისევ იქნება, რადგან ამ იდეას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს.
„დამოუკიდებლობის საკითხს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც „ბრექსითის“ პროცესი დასრულდება და გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მთელი რიგი პრობლემური საკითხები გადაიჭრება“, – აღნიშნა შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი 2019 წლის მარტის ბოლოს დასრულდება. კანონი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ძალაში სწორედ დღეს, 26 ივნისს შევიდა, რომელსაც ხელი დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოაწერა.