შოთა თხელიძე - ქეთევან ხუციშვილისადმი ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს ირანზე, რომ მისი უცოდინრობა მთელი სიკაშკაშით არ გამომზეურდეს
შოთა თხელიძე - ქეთევან ხუციშვილისადმი ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს ირანზე, რომ მისი უცოდინრობა მთელი სიკაშკაშით არ გამომზეურდეს

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი შოთა თხელიძე გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გუშინ გამართულ დისკუსიას, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“  (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) მიერ დაფინანსებულ კვლევას – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ ეხებოდა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

თხელიძე წერს, რომ მას გადაცემის სტუმარი, „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი საერთაშორისო მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებაში სდებდა ბრალს. თხელიძე ირანის შესახებ მის სიუჟეტზე შეფასებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„გუშინ „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორი ქეთევან ხუციშვილი უმოწყალოდ ბრალს მდებდა საერთაშორისო მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებაში და მოიყვანა მაგალითები, რასაც იმდენი ფეიკ-ამბავი მოაყოლა, ცალკე მისი სიტყვების „დაჩექერებას“ ახალი პროექტის დაფინანსება დასჭირდება, მაგრამ ამ საქმეს მე გავუკეთებ.

ამ შემთხვევაში, მოვიყვან მის კომენტარს ირანის სიუჟეტზე, რომელიც გასული წლის მაისში გავიდა ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ქეთევანს ძალიან უყვარს ირანი, ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს მასზე, რომ მისი უცოდინრობა მთელი სიკაშკაშით არ გამომზეურდეს. როგორც ჩანს, ის ეყრდნობა მისი მონიტორების ცოდნას, მაგრამ არ სმენია თანამედროვე ირანის ისტორიკოსების შესახებ: ჯეიმს ბუქანი, არტურ გოლდშმიტი, მაიკლ ექსვორტი და ა.შ.

ქალბატონმა ქეთევანმა არ იცის, რომ ირანისთვის აშშ იმპერიული ძალაა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად დაფუძნებულია ვაშინგტონის გავლენების შეკავებაზე ახლო აღმოსავლეთში. ქალბატონმა ქეთევანმა არ იცის, რომ 1953 წელს CIA-ის (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) პირდაპირი ჩარევით ირანში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჩამოაგდეს, რაც თავად CIA-ის აქვს აღიარებული. ქალბატონმა ქეთევანმა არ იცის, რომ ირანის ისლამური რევოლუცია უმეტესწილად ანტიამერიკული განწყობების ფონზე მოხდა და თეოკრატიული რეჟიმი დღემდე ანტიიმეპრიალუსტური ნარატივით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ქალბატონი ქეთევანი ტყუის, როცა ამბობს, რომ ირანს რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა. 1980-88 წლების ირან-ერაყის ომში, მიუხედავად გაცხადებული ნეიტრალური პოზიციისა, მოსკოვი არათუ ირანს, არამედ ერაყს და მის ლიდერ სადამ ჰუსეინს უჭერდა მხარს და იარაღს აწვდიდა, მათ შორის საზენიტო რაკეტებს. ქალბატონი ქეთევანი ტყუის, როცა ამბობს, რომ რუსეთი ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ეხმარებოდა. რუსეთმა 2000-იანი წლების ბოლოს ირანში ბუშერის ბირთვული რეაქტორის აშენებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აიგო.

ქალბატონ ქეთევანს რა თქმა უნდა, სიუჟეტი არ უნახავს, თორემ არ გაიოცებდა, თუ რატომ დაფიქრდა თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე. როდესაც ცივი ომის ორივე ზესახელმწიფო და რეგიონის ერთადერთი ბირთვული ქვეყანა, ისრაელი შენს არსებობას ემუქრება და ამასთანავე, მეზობელი ერაყი ქიმიური იარაღით გებრძვის, ლოგიკურად ჩნდება უსაფრთხოების ბირთვული იარაღის შექმნით გაძლიერების სურვილი.

ქალბატონი ქეთევანი ამბობს, რომ თურმე, არ ვიცი, ასრულებს თუ არა ირანი ბირთვული შეთანხმებით დაკისრებულ მოვალეობას. შეიძლება, მე არ ვიცი, მაგრამ საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტომ (IAEA) ნამდვილად იცის, რომელმაც უკვე რამდენჯერმე (უკანასკნელად ერთი თვის წინ) დაადასტურა თეირანის მიერ ვალდებულებების შესრულება.

ქალბატონ ქეთევანს პრეტენზია ჰქონდა, თუ რატომ არ ვახსენე ამ ყველაფერთან ერთად საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში (ამაზე სიუჟეტი გაკეთებული მაქვს უკვე, მაგრამ ქალბატონ ქეთევანისთვის მის ინფორმატორ-მონიტორებს ეს ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებიათ). კი, ნამდვილად შესაძლებელი იყო ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან ავღანეთის ომის ხსენებაც, ნელსონ მანდელას პრეზიდენტობაც, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის“ მოძრაობაც, ნაპოლეონის ალყაც ქალაქ აკოზე, იტალიური რენესანსიც პეტრარკას მაგალითზე ან თუნდაც დუტუ მეგრელის პოეზიის ჩაანალიზებაც, რატომაც არა.

რაც შეეხება სკრიპალების და სირიის დაბომბვას, ალბათ მონიტორებს არ სმენიათ ამერიკელი სენატორების ტულსი გაბარდის, რენ და რონ პოლების, ბრიტანეთის ელჩის ბაჰრეინსა და სირიაში პიტერ ფორდის, ამერიკელი საერთაშორისო სამართლის პროფესორის ალფრედ დე ზაიას და საერთოდ, ბარაკ ობამას განცხადებების შესახებ.

ქალბატონ ქეთევანს ასევე, მოჰყავს ციტატა ჩემი სხვა სიუჟეტიდანაც, სადაც კრემლის დისკურსის გატარებაში მდებს ბრალს:

„ზოგადად, დასავლეთის მიერ სირიის დაბომბვა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რომელსაც მას საკუთარი მორალური ღირებულებები აიძულებდნენ. რეალურად კი, სამხედრო სანქცია ბოლოდროინდელი აგრესიული ანტირუსული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთში სკრიპალის საქმით დაიწყო, დიპლომატების მასობრივი გამოძევებით და რუს ოლიგარქებზე უმკაცრესი სანქციების დაწესებით გაგრძელდა.“

ქალბატონო ქეთევან, მე რომ რიგითი ბიუროკრატი ვიყო ბრიუსელში ან ნებისმიერ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, ეს ციტატა გულს მომფხანდა, რადგან აქ კარგად ჩანს, რომ დომინანტი ძალა დასავლეთია, რომელსაც აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რითაც როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო ზეწოლის მოხდენა შეუძლია რუსეთზე. არ ვიცი, ამ შეთხვევაში, თქვენი აღქმებია გამრუდებული თუ მონიტორთა ჯგუფმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ იცის, ან შეიძლება რაღაც მომენტში ტონალობა მართლა გამექცა 17.3 პროცენტით ნეგატივისკენ“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი შოთა თხელიძე.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.