შოთა ბერეკაშვილი - განათლების სამინისტროსთან ერთობლივად შევქმენით მოდელი, სადაც სწავლიდან დაწყებული, დასაქმებამდე მთელი ჯაჭვია შეკრული
განათლების სამინისტროსთან ერთობლივად შევქმენით მოდელი, სადაც სწავლიდან დაწყებული, დასაქმებამდე მთელი ჯაჭვია შეკრული, – განაცხადა „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველმა პარტნიორმა, შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„განათლების სამინისტროსთან ერთად, ქალაქ ზესტაფონში, დავაფუძნეთ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტორი“, რომელმაც პირველი ნაკადი 2019 წელს მიიღო. მას შემდეგ 700-ზე მეტი ადამიანი დავატრენინგეთ და პროფესიონალი სპეციალისტი გავხადეთ. მოდელში, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთობლივად შევქმენით, პროცესი იწყება დაგეგმვიდან და კერძო სექტორი თვითონ განსაზღვრავს, რა ტიპის სპეციალისტები სჭირდება. შემდეგ ხდება ამ სპეციალისტების ტრენინგი, როგორც კოლეჯში სწავლება, ისე საწარმოო პრაქტიკა „ბიქეი ქონსთრაქშენის“ სამშენებლო ობიექტებზე და მათი გარანტირებული დასაქმება სამშენებლო მოედნებზე. ასე რომ, დასაწყისიდან სამუშაო კონტრაქტის გაფორმებამდე მთელი ჯაჭვი არის შეკრული, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც კვალიფიკაცია აიმაღლა და სპეციალისტის სერტიფიკატი აიღო, საშუალება აქვს, დასაქმდეს და ღირსეული ანაზღაურება მიიღოს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი იყო ორჯერ მეტი სპეციალისტის გადამზადება-დასაქმება, ვიდრე ეს გაკეთდა, რადგან ძირითადად, გამოწვევა იყო მეტი ადამიანის მოზიდვა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საჭიროებს თუ არა კომპანია ამ პროცესში კვლავ სახელმწიფოს დახმარებას, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ აქ საუბარია განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობაზე, რომ სწორად დაიგეგმოს, რა ტიპის სპეციალისტებია საჭირო ბაზრისთვის, რათა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის აცდენა არ მოხდეს.
„იმისთვის, რომ კომპანიას არ მოუწიოს მაგალითად, სამუშაო ძალის უცხო ქვეყნებიდან შემოყვანა, რასაც ჩევნი კომპანია რაღაც ნაწილში ახორციელებს. სადღაც, 25% გვყავს, რომლებიც თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვყავს. შემოგვყავს პროფესიონალი სპეციალისტები, რადგან აქ დეფიციტი გვაქვს და პროცესი აქეთკენ არის მიმართული, რომ თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ფულს ხარჯავს, აცდენა არ მოხდეს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.